საყოველთაოდ
ცნობილია ფრაზეოლოგიის როლი და ადგილი ამა თუ იმ ენაში და ასევე ის ფაქტი, რომ ის,
როგორც უჩვეულო ენობრივი მოვლენა,
ენათმეცნიერების მუდამ განსაკუთრებული ინტერესის და კვლევის საგანს წარმოადგენს.
დღემდე ვერ ხერხდება და დიდ სირთულესთან არის დაკავშირებუ-ლი მისი ზუსტი და ცალსახა კლასიფიცირება, რადგან მრავალი განსხვავებული,
ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი
(და ზოგჯერ სრულიად მიუღებელიც) მოსაზრება არსებობს ენათმეცნიერთა შორის.
მიუხედავად ენათმეცნიერების დიდი ყურადღებისა, ის ჯერ კიდევ არასაკმარისად არის შესწავლილი.


ენა, გარდა იმისა, რომ ის არის თავისი პირდაპირი მარტივი ფუნქციის განმხორციელებელი,
ურთიერთობის (მეტყველების და კომუნიკაციის) საშუალება და აზროვნების იარაღი, ამავე დროს არის ადამიანის და ერის შინაგანი სულიერი წყობის,
შინაგანი სამყაროს გადმოცემის, გამოხატვის საშუალება, ერის მთავარი კულტურული მონაპოვარი, ანუ ერის კულტურის პროდუქტი და ამავდროულად
ამ კულტურის იარაღი, ერთიანი სამყაროს სხვადასხვა დონეზე აღქმისა და გად-მოცემის ინსტრუმენტი.
და როგორც ენა არის ერის სულიერი მდგომარეობის ამსახველი, ასევეა მისი ცალკეული სიტყვა თუ გამოთქმა ენის ხასიათისა და თვისებების მაჩვენებელი;
ეს ცალკეული სიტყვები ან გამოთქმები, როგორც მისი ცოცხალი შემადგენელი ელემენტები, ინდივიდუალურად ავლენენ ენის ამ ხასიათსა და თვისებებს.
ეს ხდება სწორედ იმ გასაოცარი გამომხატველობითი ძალისა და უნარის მეშვეობით, რომელსაც მას ანიჭებს ადამიანი.

წინამდებარე ლექსიკონი შეიქმნა პროექტის "გერმანული საზღვარგარეთ - გამოთქმები და ანდაზური სიტყვა-თქმანი"-ის ფარგლებში;
ლექსიკონის შექმნა განაპირობა დღეისათვის არსებულმა იმ მწვავე, აუცილებლობიდან გამომდინარე გარემოებამ,
რომელიც წარმოიშვა და უკვე მრავალი წელია არსებობს უამრავი გერმანისტის და ენით დაინტერესებულთა წინაშე.

.
გერმანული ენა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ენაა ფრაზეოლოგიზმებით.
გერმანული ფრაზეოლოგიზმების ახლოს გაცნობა და მის წვრილ-მანებსა და
თვისებებში ღრმად ჩაწვდომა საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია,
მაგრამ ამავე დროს წარმოადგენს ენის ყველაზე საინტერესო ნაწილს თავისი
მდიდარი სამყაროთი, რომელიც თავისე-ბურ და უჩვეულო ფენომენს ატარებს
თავის თავში არა მხოლოდ წმინ-და ენობრივი (ლინგვისტური) თვალსაზრისით,
არამედ კულტურული, სოციალური, ფილოსოფიური და სხვა ასპექტების მიხედვითაც.
შეიძლება ითქვას, რომ ის არის ენის ყველაზე სულიერი, მოხდენილი, სხარტი, ხალასი,
ბრნძული (გონებამახვილური) ნაწილი. აქედან გამომდინარე, მათ ყოველთვის დიდი
მნიშვნელობა ენიჭება ენის სწავლების პროცესში.


ლექსიკონი ბევრს გაუწევს დახმარებას ფრაზეოლოგიზმებთან დაკავშირებული სპეციფიკური
ენობრივი სირთულეების დაძლევაში, რომელიც ბუნებრივად არსებობს სპეციალისტთა და
გერმანული ენით დაინტერესებულთა შორის: თვით სპეციალისტთათვისაც სპეციფიურ სიძნელეს
წარმოადგენს მათი სწორად გაგება და გამოყენება; მათი ცოდნის გარეშე მნიშვნელოვნად რთულდება
ლიტერატურული ნაწარმოებებისა და ტექსტების გაგება; მათ წინაშე დღესაც მწვავედ დგას ეს პრობლემა,
განსაკუთრებით გერმანული ლიტერატურის თარგმნისას, რადგან მთარგმნელთათვის ეს მთავარი
ხელისშემშლელი პრობლემაა, ვინაიდან დღემდე არ არსებობდა და არ არსებობს ქართულ ენაზე სრული,
ყოვლისმომცველი ლექსიკონი ამ მიმართულებით, რომელიც სრულად დააკმაყოფილებდა ენაში მომუშავე
პროფესიონალთა ყველა მოთხოვნას. პირველად გამოვიდა საქართველოში გერმანულ-ქართულ-რუსული
ფრაზეოლოგიური ლექსიკონი 900 ფრაზეოლოგიური ერთეულით 1953 წელს, 20 წლის შემდეგ, 1973 წელს
მოხდა ამ გამოცემის შევსება და ხელმეორედ გამოცემა, ამჯერად 1815 ფრაზეოლოგიური ერთეულით,
რომლის თარგმანიც მხოლოდ ციტირებების თარგმნის საშუალებით ხდება, რაც თავის მხრივ არასაკმარისია
და ბევრ უზუსტობას შეიცავს. ეს იყო ის ბოლო გამოცემა, რომლის შემდეგაც მსგავსი ფრაზეოლოგიური
ლექსიკონი ენის ამ ნაწილში არ გამოცემულა. არსებობს ჩვეულებრივი ლექსიკონები (მათ შორის ყველაზე
დიდია 40.000 სიტყვიანი), რომლებიც მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს ან საერთოდ არ ითვალისწინებენ
ფრაზეოლოგიზმებს.


ეს
იყო მცდელობა, პირველად თავი მოგვეყარა ერთად გერმანული გამოთქმებისათვის ლექსიკონში,
რომელიც ფართოდ და სრულად წარმოადგენს გერმანული ენის ფრაზეოლოგიურ ფონდს.
ზოგადად ფრაზეოლოგია ეს არის ენის მტკიცედ ჩამოყალიბებული (შეკრული, შედუღაბებული, ჩაკირული) გამონათქვამები,
ყველა სახის მყარი შესიტყვებები, სიტყვათა თავისებური შეერთებები (შეთანხმებები), ყველა ტიპის დაუშლელი
ლექსიკური ერთეულები (დაწვრილებით დიფერენცირებული და გაშიფრული იხილეთ წინასიტყვაობაში).

დღეისათვის თარგმნილია თითქმის ყველა გერმანული ფრაზეოლოგიზმი და მოცემულია
თითოეული ენობრივი ერთეულის მნიშვნელობისა და შინაარსის ზუსტი ამომწურავი აზრობრივი
განმარტება შეძლებისდაგვარად მრა-ვალმხრივი ნიუანსირებით (სადაც მოეპოვება, მისადაგებული
აქვს მას ქართული ექვივალენტები), ანუ მაქსიმალურად განმარტებულია ქართული მნიშვნელობებით,
რომელიც ავსებს ციტირებული მაგალითების არქონით გამოწვეულ ხარვეზს: შეგნებულად მოყვანილია
თითოეული მათგანისათვის იმაზე მეტი სიტუაციური მნიშვნელობა, ვიდრე ეს მისი გაგებისთვისაა
საჭირო, რათა მკითხველს ფართოდ მიეცეს საშუალება მათი ამორჩევისა სხვა-დასხვა მოცემული
კონტექსტისათვის, რაც თავის მხრივ აადვილებს და უფრო ზუსტს ხდის მკითხველისათვის
ნაწარმოების კონტექსტიდან გამომდინარე საჭირო მნიშვნელობის დადგენას
(განსხვავებით ციტირებების თარგმანისგან, სადაც მხოლოდ ერთი რომელიმე კონკრეტული
მოცემული კონტექსტის შეზღუდული სიტუაციური ნიუანსირებაა წარმოდგენილი).
.
ისევე როგორც ფრაზეოლოგიაა (შესაბამისად ფრაზეოლოგიზმებია) ენის ყველაზე დიდი მშვენება,
მისი ყველაზე ხატოვანი, მოქნილი, ექსპრესიული, მოვლენის, საგნის თუ ფაქტის აღწერის და
გამოხატვის ყველაზე
მხატვრული (და ამავე დროს ბრძნული), ყველაზე ღრმა ხალხური, ტრადიციული
ფესვების
მქონე, საუკეთესო საგნობრივ-თვალსაჩინოებრივი გადმოცემის უნარის მქონე გამორჩეული
ენობრივი
მოვლენა (თამამად შეიძლება ვუწოდოთ ფრაზეოლოგიზმებს ენის ნაღები), ასეთივე
მწვერვალს
წარმოადგენს თვით ფრაზეოლოგიის შიგნით კლასიფიკაციაში იდიომი, როგორც
განსა
კუთრებული
ენობრივი ერთეული, სწორედ ის არის ფრაზეოლოგიზმების მშვენება და მარგალიტი,
რომელიც სამართლიანად დგას თავისი თვისებებით ყველაზე მაღლა ფრაზეოლოგიზმების სათავეში.
.

იდიომი არის ენის შესიტყვების ფორმის მქონე თავისებური, მტკიცედ ჩამოყალიბებული
გამონათქვამი, მყარი, დაუშლელი ლექსიკური ერთეული, რომლის სტრუქტურის შეცვლა
შემადგენელი კომპონენტების ცვლით თითქმის შეუძლებელია და მზა, წინასწარ მოცემულ
ჩაკირულ
ფორმას წარმოადგენს, რომლის საერთო მნიშვნელობაც არ გამომდინარეობს მისი
შემადგენელი
ცალკეული კომპონენტების მნიშვნელობათა (მექანიკური) ჯამიდან,
და რომელიც პირდაპირ, სიტყვასიტყვით არ გაიგება.

.

ვფიქრობთ, ლექსიკონი შეავსებს დღემდე არსებულ იმ ხარვეზს და სიცარიელეს, რომელიც არსებობს ფრაზეოლოგიზმების სწორი განმარტებისა და თარგმნის თვალსაზრისით.
ამით პირველად მიეცემათ შესაძლებლობა გერმანული ენის მცოდნეთ, ამ მოცულობით, დაწვრილებით და სრულყოფილად გაეცნონ ენის ამ ყველაზე დიდ განძს და გერმანელი ხალხის
უძვირფასეს
კულტურულ მონაპოვარს, თანამედროვე ევროპული კულტურის წამყვანი წარმომადგენლის - გერმანელი ერის ენაში გამოხატული ცნობიერების თავისებურებებს და ნიშან-თვისებებს;
ნებისმიერი ენისთვის ეს ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რადგან თითოეული ფრაზეოლოგიზმის უკან დგას ხანგრძლივი პროცესი სოციალური, ენობრივი და სხვა ისტორიულ-კულტურული
მაფორმირებელი ფაქტორების ურთიერთქმედებისა, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში საბოლოო ჯამში დღევანდელი მოცემული ხალხური სიბრძნის სახით გამოკრისტალდა
სულ რაღაც ხუთიოდე სიტყვაში. მასში აკუმულირებულია ასწლეულების განმავლობაში ერის მიერ დაგროვილი სოციალური და ფილოსოფიური გამოცდილება,
როგორც უდიდესი ხალხური სიბრძნე. ეს არის ხალხური კულტურის ყველაზე მოძრავი და ცოცხალი ნაწილი.

მოხარული ვარ, რომ წიგნი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გერმანული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში კავკასიის ამ რეგიონში,
სადაც ისტორიულად ყოველთვის ძალიან დიდი იყო ინტერესი გერმანელი ხალხისა და მისი კულტურისადმი. გარდა ენობრივი და პრაქტიკული მნიშვნელობისა,
წიგნი წაადგება აგრეთვე ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებას გერმანული საზოგადოების მდიდარი სოციალური გამოცდილებისა და კულტურული ღირებულებების
გაზიარების თვალსაზრისით, რადგან ამ ღირებულებებზე დაფუძნებული გერმანელი ხალხის საზოგადოებრივი მონაპოვრის გაცნობა, რომელიც კარგად ასახავს
მათ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას, მათ მსოფლმხედველობრივ დამოკიდებულებას თითოეული მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული საკითხისადმი,
ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღი საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესს.

დაე ლექსიკონი თითოეული თქვენგანისათვის იქცეს იმ პატარა გზამკვლევ იალქნიან ნავად, რომლითაც დაუბრკოლებლად იმოგზაურებთ
ფრაზეოლოგიზმების უკიდეგანო ზღვაში. საინტერესო მოგზაურობას ვუსურვებთ თითოეულ მკითხველს ენის ამ საოცარ სამყაროში.

მადლიერებით მივიღებთ და გულისხმიერებით მოვეკიდებით მკითხველისაგან მოწოდებულ ყველა სასარგებლო რჩევასა და საქმიან შენიშვნას,
რომელიც წიგნის სრულყოფისაკენ იქნება მიმართული.

ოთარ აბაშიძე
.